აფხაზეთი




აფხაზეთი


აფხაზეთი არის საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთის ისტორიული პროვინცია. ამჟამად მისი ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავავლეთით შავი ზღვა აკრავს, ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი დღეს 8,7 ათასი კვ.კმ-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს.



ქართული წყაროები აფხაზეთს პირველად VIII საუკუნის ისტორიული მოვლენების აღწერისას იხსენიებს, ხოლო ბერძნულ წყაროებში ტომის სახელწოდება „აფსილებისა" და „აბაზგების" სახით ახ. წ. I-II საუკუნეებიდან გვხვდება.  ოდითგან აფხაზეთის ტერიტორია კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე ძვ. I ათასწლეულში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები, ეთნიკური კუთვნილების მიხედვით გაურკვეველ ტომებთან ერთად. ახ. წ. პირველი საუკუნეებიდან აქ მოიხსენიებიან აგრეთვე აბაზგები, აფშილები, სანიგები. ფლავიუს არიანეს (II ს.) ცნობით, რომელმაც შავი ზღვის გარშემო საინსპექციო აღწერილობა ჩაატარა, ამავე ხანაში ჩამოყალიბდა ამ ტომებით დასახლებული პოლიტიკური ერთეულები (აბაზგია, აფშილეთი, სანიგეთი), რომლებიც შემდგომში ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.



თავდაპირველად აფხაზეთი (აბაზგია)გაცილებით მცირე იყო: V-VI სს-ში მისი აღმოსავლეთის საზღვარი ცხუმსა და ანაკოფიას შორის გადიოდა, ხოლო დასავლეთი - მდ. აბასკონზე, რომელსაც აიგივებენ ბდინარე ბზიფთან, ფსოუსთან ან მზიმთასთან.  ამ დროს იგი ლაზიკის (ეგრისის) სამეფოს ვასალური ორი მცირე სამთვროსაგან შედგებოდა, რომელთა ცენტრები იყო ბიჭვინთა და ანაკოფია. VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელმა კეისარმა ჰერაკლემ თავისი წარმომადგენელი დასვა ანაკოფიაში ერისთავად (არქონტად) და ამიერიდან, იმპერიის ხელშეწობით გაერთიანებული და გაძლიერებული აფხაზეთი, რომელმაც აფშილეთის ნაწილიც შეიერთა მდინარე კელასურამდე, ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოექცა.


VIII ს. 30-იანი წლებში აფხაზეთის ერისთავმა ქართლის ერისთმთავრის არჩილის ვასალობა იკისრა. VIII ს. II ნახევრში, აფხაზთა მთავარ ლეონ II დროს, მთელი დასავლეთ საქართველო გაერთიანდა და შეიქმნა ისტორიულ წყაროებში „აფხაზთა სამეფოდ" წოდებული ქართული სახელმწიფო (ცენტრი - ქუთაისი), ხოლო ლეონმა თავი „აფხაზთა მეფედ" გამოაცხადა. ლეონ II „აფხაზთა მეფემ" გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა, რომლის საფუძველზე აფხაზთა სამეფოში შეიქმნა რვა საერისთავო. თანამედროვე აფხაზეთი „აფხაზთა სამეფოში" აფხაზეთისა და ცხუმის საერისთავოების სახით იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ტერიტორია მოიცავდა ძველ აფშილეთს მდ. ღალიძგამდე. 

ამ ეპოქაში საკუთრივ აფხაზეთის საერისთავოს საზღვარმა ჩრდილო-დასავლეთისაკენ შორს გადაინაცვლა. X საუკუნეში უკიდურესი სტრატეგიული პუნქტი ამ მიმართულებით ციხე-ქალაქი ნიკოფსისი (ნიკოფსია) იყო. „აფხაზთა მეფეთა" სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მიმართული იყო სამეფო საზღვრების გაფართოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ. საგულისხმოა, რომ მათი დიდი ძალისხმევის შედეგად დასავლეთ საქართველოს ეკლესია შეუერთდა მცხეთის ავტოკეფალურ ეკლესიას, რაც საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდა. ასევე უნდა აღინიშნოს „აფხაზთა მეფეთა" მიერ წარმოებული კულტურულ-აღშენებლობითი საქმიანობა საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ კუთხეში. აფხაზთა მეფეების მიერ არის აგებული მოქვის, ხუაფის, მარტვილის, ქიაჩის, წირქოლის, კუმურდოს ტაძრები, რასაც ადასტურებს ძველ მემატიანეთა თხზულებები და ამ ტაძრებზე „აფხაზთა მეფეთა" დაკვეთით შესრულებული ძველი ქართული ასომთავრული წარწერები. 

გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ორი საერისთავოს სახით იყო წარმოდგენილი: აფხაზეთის და ცხუმის, აფხაზეთის საერისთავოს შარვაშიძეთა ფეოდალური გვარი ედგა სათავეში, ხოლო ცხუმის საერისთავოს ამანელისძეები. XIII საუკუნის 90-იან წლებში ცხუმის საერისთავო ოდიშის საერისთავოს შეუერთდა. XV საუკუნიდან, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ შარვაშიძე ოდიშის მთავრის ქვეშევრდომი იყო. XVII საუკუნის I ნახევარში საზღვარი აფხაზეთსა და ოდიშს შორის მდინარე კელასურზე გადიოდა. ამ დროისთვის დამახასიათებელი საერთო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დაქვეითების და ჩრდილო კავკასიიდან თანდათანობით შემოღწეული მოსახლეობის აქ დამკვირდების შედეგად აფხაზეთი XVII-XVIII სს-ში ცალკეულ ფეოდალურ-თემობრივ ტერიტორიულ ერთეულებად იყო დაყოფილი, რომელთა სათავეში სხვადასხვა გვარის წარჩინებული წარმომადგენლები იდგნენ. მათ შორის კვლავ შარვაშიძეები პირველობდნენ, რომლებიც აღიარებდნენ ოდიშის მთავრის უზენაესობას.