ქართლი





ქართლი


ქართლი საქართველოს ცენტრალური რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთში. ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი (შიდა ქართლი, მხარე მტკვრის შუა დინებაზე) და ქვენა სოფელი (ქვემო ქართლი, მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე).
ქართლის ტერიტორია ძვ. წ. IV ს. იბერიის სამეფოში შედიოდა. იბერიის ანუ ქართლის სამეფო შეიქმნა ძვ. წ. IV- ახ. წ. V ს. აღმოსავლეთ საქართველოში. ძვ. წ. III ს. დასაწყისში იბერიის სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა ("მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომლის დროსაც იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია. ფარნავაზმა ქართლის დედაქალაქად მცხეთა გამოაცხადა. ქართლის სამეფო როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად მეტად ძლიერი, ხოლო კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა იყო. ძვ. წ. 65 ქართლი დალაშქრა პომპეუსმა. I-II სს. ქართლი კვლავ გაძლიერდა და IIს. 30-50-იან წლებში, ფარსმან-II-ის მეფობის დროს ქართლის სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. IV საუკუნეში ქართლში ვრცელდება ქრისტიანული რელიგია.

V საუკუნის ბოლოდან იწყება ქართლის საუკუნოვანი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ დროს ქართლის მეფე იყო ვახტანგ გორგასალი. მან დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. VII-IX სს. ქართლში არაბები ბატონობდნენ. Xს. ქართლი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ცენტრი გახდა, ხოლო XV-XVIII სს. ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო, რომელიც 1801 წლამდე არსებობდა.
შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით – კავკასიონით, დასავლეთით – ლიხის ქედით, სამხრეთით თრიალეთის ქედით.


ქვემო ქართლი გამორჩეულია თავისი სიმწვანით, ტყეებით, ანკარა მდინარეებითა და ტბებით, უხვი ნადირითა და თევზებით, მინერალური და თერმული წყლებით. აქ გვხვდება ვულკანური წარმოშობის მთები, ვრცელი ველები და წინაალპური მთები, ნახევრადუდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და ალპურ ზონები. ქართლში კლიმატი თბილია, ჰავა - რბილი.




ქვემო ქართლს უძველესი ისტორია აქვს. მისი ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებით იყო დასახლებული. აქ შეიქმნა თრიალეთის ყორღანების დიდი კულტურა, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ლეგენდარული კოლხეთი და მითი არგონავტებზე. მხარეში შეხვდებით V-VI სს. და შემდგომი პერიოდის ისტორიულ ძეგლებს, ასევე ძვ.წ. I ათასწლეულის ნაქალაქარსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს. უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენაა პირველყოფილი ადამიანისა და მისი ადგილსამყოფელის ნაშთები დმანისის ნაქალაქარზე, რაც იმაზე მოწმობს, რომ დმანისელი ჰომინიდი ამ ტერიტორიაზე 1,8 მლნ წლის წინათ ბინადრობდა და რომ იგი უძველესია ევროპასა და აზიაში.