იმერეთი





იმერეთი



იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი და აფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.



იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე ნაპირზე), დევისხვრელის (მდ.ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში,ვანში,ვარციხეში,შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.



იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები -კავკასიური დათვი, ტახი,ირემი, შველი,მელა,მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა, ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, ე. წ. აბრეშუმის დიდი გზა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს. ძველი კოლხეთის დაცემის შემდეგ, ეგრისის სამეფოს (III—VII სს.) ტერიტორია ბერძენ-სპარსთა დაპირისპირების ობიექტი ხდება. VIII ს. პირველ ნახევარში არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი) და ქუთაისიც კი აიკლო. არაბებთან ბრძოლაში დაიღუპნენ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები. VIII ს. მეორე ნახევარში აფხაზთა ერისთავი, ლეონ II, აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ამან გააერთიანა აფხაზეთი და ეგრისი. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონ II სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა.



978 წელს ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975—1014 წწ.), ხოლო 1089 წელს აქ მეფედ ეკურთხა საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი (1089—1125 წწ.). 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა.