რაჭა-ლეჩხუმი
მეღვინეობის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია ქვემო რაჭა ანუ ამბროლაურის რაიონი, სადაც ბუნებრივი პირობები უფრო უწყობს ხელს ვაზის კულტურის გავრცელებას და ხარისხოვანი პროდუქციის მიღებას.
ქვემო რაჭაში ცნობილია მეღვინეობის თვალსაზრისით კიდევ ერთი მიკრორაიონი – ბუგეულ-ამბროლაურის მხარე. ექსპოზიციით, ნიადაგებით და სხვა პირობებით ეს მხარე სრულიად განსხვავებულია მის მოპირდაპირედ რიონის მარჯვნივ მდებარე ადგილებიდან. აქ ვენახები გაშენებულია ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კალთებზე. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ამართული მთის კალთების გამო ვენახები აქ რამდენიმე საათით (ორი საათით მაინც) დღეში დაჩრდილულია, რაც ცხადია, უარყოფითად მოქმედებს შაქრის დაგროვებისა და საერთოდ ყურძნის დამწიფებაზე. ამის გამო ეს მიკრორაიონი იძლევა საშუალო ხარისხის ღვინოებს. აქ თეთრი ჯიშები უფრო კარგ პროდუქტს იძლევა ვიდრე წითლები.მეორე ადგილი როგორც ვენახების ფართობის, ისე მიღებული პროდუქციის ხარისხის მხრივ ზემო რაჭას ანუ ონის ადმ. რაიონს უკავია. ზემო რაჭის ტერიტორია თითქმის მთლიანად მთაგორიანია, ჰავა მკაცრია და ამიტომ ვენახები უფრო დაცულ ხეობებში გვხვდება. აქ მეღვინეობის მხრივ რიონის მარჯვენა მხარეზე მნიშვნელოვანი პუნქტებია: წესი, სორი, ნიგვზნარა, კოდისთავი, შოუბანი და სხვ. მარცხენა მხარეზე კი - მუხლი, შარდომეთი, ზვარეთი, ზუდალი, ღარი და სხვ. ვენახები 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე გვხვდება ზღვის დონიდან, ყურძენი კარგად დამწიფებას ვერ ასწრებს და მისგან უხარისხო ღვინოები დგება, ამიტომ ზემო რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობას საწარმოო ხასიათი არა აქვს, თუმცა აქ არის ზოგიერთი მიკრორაიონი, სადაც შეიძლება ხარისხოვანი თეთრი ღვინის მიღება, განსაკუთრებით შამპანურის წარმოებისათვის.
ლ ე ჩ ხ უ მ ი. ლეჩხუმში შედის ერთი ადმინისტრაციული რაიონი – ცაგერის რაიონი. მისი ტერიტორია დაფარულია მთებითა და გორაკებით. ლეჩხუმის ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე მკაცრი კლიმატის გავლენის ქვეშ იმყოფება სვანეთთან სიახლოვის გამო, ხოლო მისი სამხრეთი ნაწილის ჰავა ჩამოგავს შუა იმერეთის ჰავას, რომლის მიმართულებითაც ის გაშლილია. ამ მხარის ტერიტორია დასერილია მდინარეებით: რიონით, ცხენისწყლით და ლაჯანურით, რომლებიც ქმნიან ვიწრო ხეობებს, ძლიერ დაქანებული კალთებით. ვენახები გაშენებულია შედარებით ნაკლებ დაქანებულ კალთებზე. ამ ხეობებში ვენახები იძლევა სხვადასხვა სახის პროდუქციას. ლეჩხუმის ნიადაგები, რომლებზედაც ვენახებია გაშენებული, მრავალი სახისაა, გვხვდება როგორც ღორღიანი, კალციუმის კარბონატის საკმაო რაოდენობით შემცველობის, ისე ეწერი და მძიმე თიხნარი ნიადაგებიც.





